ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი

8 months ago

„ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ — ქართული მხატვრული ფილმი. მისი რეჟისორია ელდარ შენგელაია. გამოვიდა 1984 წელს. ფილმი გადაღებულია რეზო ჭეიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.

დამდგმელი რეჟისორი: ელდარ შენგელაია
სცენარის ავტორი: გიორგი შენგელაია, რეზო ჭეიშვილი
როლებში: რამაზ გიორგობიანი
კომპოზიტორი: გია ყანჩელი
ხმის ოპერატორი: ვლადიმერ ნიკონოვი
ოპერატორი: ლევან პაატაშვილი
მხატვარი: ბორის ცხაკაია
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1984.
ხანგრძლივობა 98 წთ.
ქვეყანა სსრკ.
ენა ქართული.

ახალგაზრდა მწერალს რედაქციაში მოთხრობა მიაქვს. მისი განხილვის მოლოდინში გადის შემოდგომა, ზამთარი, გაზაფხული… მოთხრობას არათუ არავინ კითხულობს, მისი ყველა არსებული ეგზემპლარიც უკვალოდ ქრება. ამ დაწესებულებაში ყველა თავისი საქმით არის გართული: დირექტორი მუდამ გადარბენაზეა — თათბირიდან ბანკში, ბანკიდან შეხვედრაზე, შეხვედრიდან ბანკეტზე და ასე დაუსრულებლად, რედაქტორებიდან ზოგი ფრანგულს სწავლობს, ზოგი კერავს, ზოგი საუზმეს იმზადებს, ვიღაც შვებულებაშია, ვიღაც — მივლინებაში, სხვები ჭადრაკს თამაშობენ… ერთადერთი ადამიანი, ვინც ხელნაწერებს კითხულობს, მღებავია… ფილმი ალეგორიული კომედიაა. იგი ნიღაბს ხდის საბჭოთა ბიუროკრატიზმს და უპასუხისმგებლობას. რედაქციაში მუშაობენ თავიანთი ვიწრო, ობივატელური ინტერესების ჩარჩოში მომწყვდეული ადამიანები; ამ სისტემის არაეფექტურობა სრულდება პირდაპირ მნიშვნელობით დაწესებულების ნგრევით, გადატანით კი — საბჭოთა სისტემის ნგრევით.

Loading comments...